8 თვის მონაცემებით, ტექდათვალიერება 773 000-მა ავტომობილმა გაიარა, მათგან 11% დაწუნებულია, თუმცა ისინი კვლავ გადაადგილდებიან, - ამის შესახებ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა 30-დღიდან 72 საათამდე შემცირდეს ჯარიმის გადახდის ვადა, რომელიც ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილის მძღოლისთვის მოქმედებს.
„ჩვენ ვხედავთ და არაერთი მოსაზრება მოგვისმენია ჩვენი მოქალაქეების იმედგაცრუების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანსპორტი, რომელთაც აქვთ გავლილი ტექდათვალიერება, კვლავ აბინძურებენ ჰაერს. ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი არის მეტად მნიშვნელოვანი, თუმცა ერთია გამონაბოლქვის კონტროლი, მეორე თავად ინსპექტირების მექანიზმი, რომელსაც ძირითადად კამერები აკონტროლებენ. იანვრიდან აგვისტოს მონაცემებით 773 000-მა მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირებას, აქედან 11%-მა ვერ გაიარა შემოწმება, თუმცა ისინი კვლავ გადაადგილდებიან და იხდიან ჯარიმებს. ხშირ შემთხვევაში მძღოლებს თვეში ერთხელ ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ავტომობილის მოწესრიგება. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ იმიტომ, რომ ეს ხარვეზები გაანალიზდეს და 2020 წლიდან რეალურად მოხდეს ცვლილებების შეტანა, რაც გულისხმობს 30 დღიანი ვადის შემცირებას და ჯარიმის გადახდას 72 საათის განმავლობაში“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.