წელს პირველად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერით ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადაიცა. დიდ ბრიტანეთში, Travel Channel-თან ერთად აჭარის სატელევიზიო რეკლამა DISCOVERY-ის ქსელის შვილობილ არხზე DMAX-ზე განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს ასევე, განახორციელა National Goegraphic-ის, BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews -ის ეთერში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია განვახორციელოთ ისეთ პლატფორმებზე, რომლის სამიზნე აუდიტორიაც არის მოგზაურები. სწორედ, ასეთია Travel Channel, რომლის სამოგზაურო გადაცემებსა და დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიოს 195 ქვეყანაში ეცნობიან. წელს, პირველად ჩვენ ასევე, გავედით National Geographic-ის აუდიტორიაზე, რომლის უმრავლესობასაც Travel Channel-ის მსგავსად, მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები წარმოადგენენ. აჭარისა ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა მსგავს საერთაშორისო პლატფორმებზე, საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობა, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და პოტენციური ტურისტების მოზიდვას,“ -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.