ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს და ვერ მოხდება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, თბილისის მერმა ისაუბრა “კონტი ჯგუფის” მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მათ კონსორციუმი სახელისუფლებო წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის გამო დატოვეს, კახა კალაძე აღნიშნულ ფაქტს გამორიცხავს.
„არ ვიცი, ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ალბათ, შესაბამის სამინისტროებთან, თუმცა ზეწოლას ნამდვილად გამოვრიცხავ. ზეწოლა შეიძლება იყო იმ თვალსაზრისით, რომ პროექტი დაჩქარებულიყო და პროექტი განხორციელებულიყო, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვისაც, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს და ვერ მოხდება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე. ეს იყო კერძო ინვესტიცია. იყო სურვილი ამ პროექტის განხორციელების ამ კონკრეტული ჯგუფის მხრიდან, რომელიც თქვენ დაასახელეთ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ამ მიდგომით ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, მეც, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეს პროექტი და სხვა პროექტებიც თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები," - განაცხადა თბილისის მერმა.