ფრანგული კვლევა - გლობალური დათბობა მოსალოდნელზე ინტენსიურია

საფრანგეთში ჩატარებული კვლევა, რომელშიც 100 საუკეთესო ფრანგი მკვლევარი მონაწილეობდა, ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობის პროცესი უფრო ინტენსიურია, ვიდრე ადრინდელი პროგნოზებით იყო ნავარაუდები.

კვლევის ყველაზე უარესი სცენარის შესაბამისად, საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა 6-7 გრადუსით (ცელსიუსით) მოიმატებს. კვლევის შედეგები საფრანგეთის მეცნიერული კვლევების ეროვნულმა ცენტრმა (CNRS), ატომური ენერგიის კომისიამ (CEA) და ამინდის ოფისმა, მეტეო-ფრანსმა გამოაქვეყნეს.

ახალი პროგნოზით, საუკუნის ბოლოს მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა, ძველ პროგნოზზე 1 გრადუსით მაღალი იქნება. უფრო მეტიც, ის 2 გრადუსით სჭარბობს გაეროს კვლევის შედეგს. ინტენსიური დათბობა, ზღვის დონის 1 მეტრით აწევას და ქარიშხლების გახშირებას, ასევე მათი ძალის გაძლიერებას გამოიწვევს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლიმატის მოდელირების პროცესში, სუპერკომპიუტერებით გაანგარიშებას ჯამში 500 მილიონი საათი დასჭირდა. იმავე კვლევის შესაბამისად, მხოლოდ ერთი სცენარი აღმოჩნდა ოპტიმისტური, რომლის შესაბამისადაც, საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა მხოლოდ 2 გრადუსით, ან უფრო ნაკლებად მოიმატებს.