ჭავჭავაძის გამზირზე ეტაპობრივად დაიწყება გამწვანების სამუშაოები, ბორდიურების ჩამოსხმა, ტროტუარების მოწყობა, რომელიც ახალი ფილებით იქნება გაკეთებული და ძალიან ლამაზი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამუშაოების შედეგად მოხდება ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში ჩატანა, ასევე, შეიცვლება ბოძები და „განახლებული ქუჩა გვექნება“.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები. რამდენიმე მონაკვეთად დავყავით ჩვენ გამზირი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი ქვეითად მოსიარულე გადაადგილდება და ამ კონკრეტული მონაკვეთის ჩაკეტვა სერიოზულ პრობლემას გამოიწვევდა. შესაბამისად, რამდენიმე მონაკვეთად დავიწყეთ პროექტის განხორციელება. პირველი ეს იყო ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, აქ უკვე ძირითადი სამუშაობი, ყველაფერი დამთავრებულია. გზა უკვე ქვედა ფენაში მოყვანილია და ასფალტი დაგებულია. ახლა ეტაპობრივად, უახლოეს დღეებში დაიწყება გამწვანებითი სამუშაოები, ეს არის ბორდიურების ჩამოსხმა, ტროტუარების მოწყობა, რომელიც ახალი ფილებით იქნება გაკეთებული და ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში ჩატანა. ასევე, ბოძები, სანათები, ყველაფერი შეიცვლება და განახლებული ქუჩა გვექნება. თვითონ მოძრაობის სქემებიც განახლებული იქნება. იცით, რომ სპეციალური საავტობუსე ზოლები მოეწყობა, ასევე ველობილიკი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალქის მერმა აღნიშნა, მომხრეა, აღნიშნული სამუშაოები შეფერხების გარეშე გაგრძელდეს, თუმცა ის თბილისელების აზრსაც გაითვალისწინებს, თუკი ისინი განსხვავებულად ფიქრობენ. დედაქალაქის მერს სურს, თბილისელებისგან გაიგოს, უნდათ თუ არა, რომ გაგრძელდეს ეს პროექტი და ვაკის პარკამდე მიიყვანონ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თუ შეწყვიტონ კონკრეტულ მონაკვეთამდე - თაქთაქიშვილის ქუჩამდე და გაზაფხულზე განაახლონ.
„მეორე ეტაპი, რომელიც დაწყებულია, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ეს არის უკვე „პიქსელიდან“ რიგის ქუჩამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე. იქ სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. GWP ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანი ცვლილება, საკანალიზაციო ქსელი, წყლის სისტემა, „ყაზტრანსგაზი“ რა თქმა უნდა, თავის წილ სამუშაოებს მილების ცვლილების თვალსაზრისით ახორციელებს. ვფიქრობთ, უნდა გავაგრძელოთ ეს სამუშაოები, თუმცა რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ გვინდა ვკითხოთ როგორც ადგილობრივებს, ვინც ცხოვრობს კონკრეტულად ამ ქუჩებზე, ვაკის რაიონში, ასევე ზოგადად თბილისელებს, გაგრძელდეს თუ არა ეს პროექტი და მივიყვანოთ ბოლომდე, ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე - თაქთაქიშვილის ქუჩამდე გავაჩეროთ, მოვაწესრიგოთ ყველაფერი და გაზაფხულზე განვაახლოთ. რადგან იყო აზრთა სხვადასხვაობა ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრია, რომ რადგან დავიწყეთ ეს სამუშაოები, სჯობს ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა კალაძემ.