სხვადასხვა რაიონში ვფიქრობთ მულტიფუნქციური კომპლექსის განხორციელებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა დაბა წყნეთში დასრულებულ პროექტზე. მისი თქმით, წყნეთელების მოთხოვნით, სპორტული ცენტრი აშენდა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ შეღავათიანი ტარიფები დაწესდეს, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ასაკის მიუხედავად, გამოიყენოს ეს სპორტული კომპლექსი.
„ეს კონკრეტული პროექტი, სპორტული ცენტრი, რომელიც დაბა წყნეთში განხორციელდა, დაახლოებით 700 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. არის სავარჯიშო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელი და სველი წერტილები, ადმინისტრაციული ოთახები. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოწყობილია. ასევე ამ დარბაზებში ფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი, რა თქმა უნდა, სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, რაც ძალიან მნიშნელოვანია. ყველა სამუშაოს დროს, ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა თუ ასეთი პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ადაპტირება, რომ შშმ პირებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და არ იყოს დისკომფორტი. დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით და ამას მაქსიმალური ყურადღება სჭირდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, წყნეთის მსგავსად, სხვა რაიონებშიც ანალოგიური მიდგომა იქნება, რათა სპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს.