ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, National Geographic-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.
„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“- ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, National Geographic-ის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილს ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი თბილისი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე - ღამის კლუბებში, სადაც დილამდე იცეკვებთ. ერთი შეხედვით თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს, რომელიც მდიდარი კულტურით გამოირჩევა, საკმაოდ ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოს“, - წერს ტარა იზაბელა ბარტონი.
სტატიის ავტორი თბილისში მდებარე საერთშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს. National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოსა და კერძებს.
National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და და მის ფარგლებში საქართველოს შესახებ კიდევ 4 სტატია გამოქვეყნდება.
National Geographic-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონი მკითხველი ჰყავს.