„ბიზნესდაჯილდოება 2019“ განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. „თიბისი ბანკის“ ცნობით, უკვე მეოთხე წელია, "თიბისი" ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის კეთების ხელშეწყობაა.
გამარჯვებულები წელს ახალ ნომინაციებში გამოვლინდებიან, ყველა ნომინაცია ისეა შერჩეული, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს.
ჟიური წელს ბიზნესებს შემდეგი კრიტერიუმებით გამოარჩევს: საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის; თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის; გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის; საუკეთესო ინოვაციებისთვის; საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის.
სიახლეა ჟიურის მხრივაც, თუ აქამდე ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე უცნობი რჩებოდა, წელს მათი ვინაობა თავიდანვე საჯაროა. არა მარტო ბიზნესის, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, იმისთვის შეირჩა, რომ სწორად შეაფასონ მონაწილეები და მათი საქმიანობა. თითოეულ ნომინაციაში წარდგენილ ბიზნესებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს.
წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.
რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდება.