პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქმნება პრეცედენტი - ფუძნდება ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი აზრით, ეს ისტორიული მოვლენაა,- ამის შესახებ ფონდი “ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან ასევე უპასუხა ოპონენტებს, რომლებიც მშენებლობის დაგვიანების გამო საყვედურობდნენ და მათი მისამართით განაცხადა, რომ „შეუძლებელია გააღვიძო ის, ვისაც არ სძინავს.”
„პირველივე დღიდან ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობდნენ, სამშენებლო მოედანზე არაფერი ხდებაო. ჩვენ მრავალგზის ვცადეთ აგვეხსნა მათთვის, რომ უნივერსიტეტის დაფუძნება ძალზე კომპლექსური საქმეა და მას სწორი დაგეგმვა და ძალიან კარგი მომზადება ესაჭიროება. თუმცა ამაოდ, ტყვილად არ არის ნათქვამი - შეუძლებელია გააღვიძო ის, ვისაც არ სძინავს,“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
როგორც ნიკო ჩხეტიანი აღნიშნავს, პროექტში განათლების დარგში უპრეცედენტო კერძო ინვესტირება განხორციელდება. მისივე თქმით, უნივერსიტეტის კამპუსი მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კამპუსი იქნება.მისივე თქმით, უნივერისტეტის პროგრამები მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
„ფონდი „ქართუს“ ერთადერთი დონორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად 1 მილიარდი ევროს გაღება. ეს უპრეცედენტო მოცულობის კერძო ინვესტირებაა განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არ მომხდარა. ერთ-ერთი უნიკალურობა, რაც გააჩნია ჩვენს პროექტს, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ერთიან კამპუსს. ეს აბსოლუტურად უნიკალური მოდელია საქართველოში და მსოფლიო მასშტაბითაც. საკმაოდ იშვიათია ისეთი უნივერსიტეტები, რომელთაც აქვს ის ფუფუნება, რომ უნივერსიტეტის მთელი ინფრასტრუქტურა ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი.
ჩვენ ხშირად გვისმევენ კითხვას - როდის მორჩებით? ეს კითხვა იმთავითვე მცდარია. უნივერსიტეტის განვითარება არასდროს არ უნდა „რჩებოდეს“, არ უნდა მთავრდებოდეს. ჩვენი პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 150 წლის წინ დაარსდა და ის დღესაც ვითარდება, ასეა უამრავ მსოფლო უნივერსიტეტში. შესაბამისად ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის - ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ვაშენებთ, 2020 წელს ჩვენ მივიღებთ პირველ ნაკადს სტუდენტებს და ამის შემდეგაც ფონდი „ქართუ“ გააგრძელებს ამ პროექტის მხარდაჭერას და განვითარებას,“ - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.