გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით 23-ე გენერალურმა ასამბლეამ, 159 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით, მხარი დაუჭირა ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის წინადადებას, 2020 წელს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს – აღმასრულებელი საბჭოს სხდომის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას “მენეჯმენტის სკოლა” ავრცელებს. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.
ყოველწლიურად აღმასრულებელი საბჭოს სხდომას სხვადასხვა სახელმწიფო მასპინძლობს და მას ტურიზმის მინისტრები, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და კომპანიების პრეზიდენტები და საერთაშორისო მედია ესწრება.
აღნიშნული სხდომა შემდეგ წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.
“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისათვის, 2020 წელს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით. თქვენ გიმასპინძლებთ ულამაზესი, დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა. ესაა სტუმართმოყვარე ხალხის ქვეყანა, რომელიც მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, გააჩნია უნიკალური დამწერლობა და ტრადიციები. ესაა პირველი ევროპელების სამშობლო. მაქვს პატივი, 2020 წელს გიმასპინძლოთ ულამაზეს საქართველოში, სადაც თქვენ გაეცნობით ქვეყნის მდიდარ პოტენციალს, ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელმაც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო რუკაზე”, - ნათქვამია ზურაბ პოლოლიკაშვილის გენერალური ასამბლეისადმი მიმართვაში.