"რეზონანსი" - ყოველი მეორე ადამიანი თავის გადარჩენას ნასესხები ფულით ცდილობს

საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი საბანკო სესხზეა დამოკიდებული. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც სესხი გამოკითხულთა 54%-ს აქვს, საიდანაც 68% საბანკოა. ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა, როგორც ჩანს, სიტუაცია ვერ გარდატეხა. როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავის გადარჩენას ნასესხები ფულით ცდილობს, ეს უმძიმეს კრიზისზე მიანიშნებს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოკლევადიანი სამომხმარებლო კრედიტების რაოდენობა ლარში ელვისებურად გაიზარდა, შესაბამისად, წლიდან წლამდე სესხებზე დამოკიდებულებაც იზრდება და დღეს უკვე მოსახლეობის 54%, ანუ ნახევარზე მეტი შემოსავლის დიდი ნაწილს ფინანსური ვალდებულების მომსახურებას ახმარს, რაც მის განკარგვად შემოსავალს საგრძნობლად ამცირებს.

ფინანსისტები კი იმ ძირითად ფაქტორებზე საუბრობენ, რის გამოც, საქართველოში მოსახლეობის საბანკო ვალდებულებების ტვირთს ამძიმებს. ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუცის მიერ ჩატარებულ კვლევებს ყურადღება ნამდვილად უნდა დაეთმოს და სიტუაციის სწორი გაანალიზება მოხდეს.

"ზოგადად ამ ორგანიზაციის კვლევები მიკერძოებულია, მაგრამ ეს არისშემთხვევა, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც ხელისუფლების, ასევე ყველა პოლიტიკოსის მხრიდან. საჭიროა მათ გაანალიზონ არსებული მდგომარეობა, სწორი აქცენტი გაკეთდეს თუ რეალურად რა არის პრობლემა და რა - არა.

ჩვენთან სესხის აღება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის კრედიტის მიღების დაბალი კულტურა, რომელიც ჩვენში არსებობს. მეორე - მაღალ რისკიანობა, რაც ახასიათებს საქართველოს ეკონომიკას და მესამე - ეს არის სიღარიბე, რომელიც ადამიანს აიძულებს დამოკიდებული იყოს სესხზე, განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და საბანკო სექტორიდან აღებულ ვალდებულებებზე", - განუხცადა "რეზონანსს" მიხეილ თოქმაზიშვილმა.

მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულება რომ დღითი დღე იზრდება, სფეროს სპეციალისტები დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ. ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა საკმაოდ კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას, კრედიტებზე დამოკიდებულების მხრივ.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა საკმაოდ მიხლოებულია არსებულ რეალობასთან. გადავადებულმა დავალიანებებმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოწვია. ჯერ კიდევ 2008-09 წლისთვის 74 ტრილიონი დოლარი იყო დაგროვებული და სისტემა აფეთქდა. ჩვენთან ყველა ქართველს მანქანის შეძენა სურს, ყიდვის შნო კი არ აქვს. ამიტომ იძულებულია სესხი აიღოს, რომელსაც ვერ იხდის და შედეგად გროვდება დავალიანება", - განუცხადა თვალჭრელიძემ "რეზონანსს".

მოსაზრება, რომ მოსახლეობისთვის საბანკო ვალდებულებების დაფარვა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია სტატისტიკით და გამოკითხვით უფრო მეტად მყარდება. საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ადასტურებს, რომ მოსახლეობის შემოსავალი წლიდან წლამდე მატულობს და პარალელურად დავალიანებაც იზრდება.

"მოსახლეობის შემოსავალი ასე თუ ისე წლიდან წლამდე მატულობს, მაგრამ ამის კვალობაზე დავალიანებაც იზრდება, ვინაიდან ხალხი მეტ-ნაკლებად ფარავს საბანკო ვალდებულებას, შემდეგ კი იღებს ახალს. ერთი მხრივ, დაკრედიტების ზრდა არ არის ცუდი, რადგან ყველას არ გააჩნია საკუთარი კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, დავალიანების ზრდა შეიძლება მიუთითებდეს მოსახლეობის კეთილდღეობის მცირეოდენ ზრდაზე. თუმცა, 2019 წელს შემოღებულმა შეზღუდვბემა, ე.წ. პასუხიმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში, მნიშვნელოვნად შეზღუდა სესხების გაცემა.

იმ ქვეყნებში, სადაც საბანკო ვალდებულებებით ცხოვრება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ეს დიდი პრობლემა არ არის. მსესხებელს აქვს მატერიალური რესურსი იმისათვის, რომ დაფაროს სესხი და არ შეიზღუდოს თავისი ცხოვრების პირობები. საქართველოში, სამწუხაროდ, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. მოსახლეობის შემოსავალი სისტემატურად მცირდება იმის გამო, რომ ინფლაციის დონე მატულობს. მოქალაქეებს ხარჯი ეზრდება და მათ უჭირთ საკრედიტო დავალიანების დაფარვა, ანუ, ეს არის ეკონომიკური სიდუხჭირისა და არასწორი ფულად საკრედიტო პოლიტიკის შედეგი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელიავამ.

საბანკო რეგულაციების პირველი ტალღის ამოქმედებიდან წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა. სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მთავარ მიზნად ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობასთან ბრძოლას ასახელებდა. ზუსტი სტატისტიკა, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობით აღმოიფხვრა სესხზე ვადაგადაცილება არ არსებობს, თუმცა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა კვლავაც მთლიანად სესხზე რჩება დამოკიდებული.

გვანცა წულაია

გაზეთი "რეზონანსი"