ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, წლების განმავლობაში მიტოვებული შენობების მეპატრონეების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გატარებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქში კერძო საკუთრებაში არსებული უსახური ნაგებობებისა და მიტოვებული ტერიტორიების რიცხვი ასამდე აღწევს. მათი უმეტესობა ქალაქის ცენტრშია განლაგებული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.
“იურიდიული და კერძო პირების მისამართით გაგზავნილ წერილებზე რეაგირება მხოლოდ 9 წერილზე მოხდა. რეაგირების გარეშე დარჩენილი წერილები ხელმეორედ იქნება გაგზავნილი. იმ შემთხვევაში, თუ ისევ პასუხს ვერ მივიღებთ, მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს ადმინისტრაციული ზომების მისაღებად“, - აღნიშნა დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე შონიამ.