პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება მკაცრად გაკონტროლდება.
გიორგი გახარიამ ბიუჯეტის დაგეგმვაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც თითოეულმა თქვენგანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქის მოხმარებაზე, ძირითად, საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - განაცხადა გახარიამ.