2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 137.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (903.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (682.5 მლნ. აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარს (4.4 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (338.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (315.0 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (217.4 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (993.8 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (574.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (565.2 მლნ. აშშ დოლარი).