22 სექტემბერს, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველომსვლელობას გამართავს. ველომსვლელობა ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღის მთავარი მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი - ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.
„ველოგარბენის მარშრუტია: უნივერსიტეტის ქ. #2, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (ე.წ. მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან, ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, მრბოლელთა ნაკადი შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიის წინ სკვერში დაასრულებს გარბენს.
“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას. ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.