2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტია გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტით მთავრობა გეგმავს თითოეულ მოქალაქეს და ოჯახს აგრძნობინოს ეკონომიკური ზრდის სიკეთე.
„მოგეხსენებათ, რომ საბიუჯეტო ციკლი მიმდინარეობს, 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, ეს არის საპასუხისმგებლო პროცესი, მთელი მთავრობა ჩართული ვართ პრემიერ- მინისტრის თაოსნობით ამ პროცესში. ვიტყვი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტია გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, განსაკუთრებით აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ეს ორი კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტად ვაგრძნობინოთ თოთოეული მოქალაქეს და ოჯახს ეკონომიკური ზრდის სიკეთე და დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ისეთ პროგრამაში როგორიცაა გაზიფიცირების პროგრამა, ისეთივე ინტენსიური და მაღალი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირება, მოვიცავთ მათ შორის ცენტრიდან დაცილებულ რეგიონებს და ვამზადებთ დამატებით სიას, სადაც მოხდება გაზიფიცირება. ასევე, გავაგრძელებთ "აწარმოე საქართველში" პროგრამის ფარგლებში მცირე და მიკრო მეწარმეების წახალისებას და ეს პროგრამები უფრო ინტესიურად იქნება წარმოდგენილი. გვაქვს პროგრამები, მათ შორის მთის და სამთო კურორტების განვითარების და მასზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ მას შემდეგ რაც შეჯერდება საბიუჯეტო პარამეტრები და კონკრეტული სამინისტროების მიხედვით სამუშაო გეგემები", - განაცხადა ნათია თურნავამ.