დღეიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე გავა

დღეიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე საბაჟო ტარიფების გარეშე გავა.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკანიანის ინფორმაციით, დღეს დაიწყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონკრეტული მუხლების დროებითი გამოყენება შეთანხმების 431-ე მუხლის საფუძველზე. მისი თქმით, ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80% ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება" სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან. ამისათვის კი საჭიროა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყნის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანოებმა დაასრულონ რატიფიკაციის პროცესი.

მისი თქმით, ამ კუთხით დღეისათვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებული აქვთ რუმინეთს, ლიტვას, ლატვიასა და ბულგარეთს, ხოლო ქართული მხარე ელოდება, რომ მომავალში მათ შეუერთდებიან ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც.

"დღეიდან საქართველო გადავიდა შეთანხმების განხორციელების ფაზაზე, რაც გულისხმობს ფართომასშტაბიან რეფორმებს ევროპული სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი დანერგვისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მიზნით. დღეიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო ტარიფების გარეშე გავა ევროპის ბაზარზე. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ბიზნესისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე მზად არიან, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქცია აწარმოონ და ევროპულ ბაზარზე გაიტანონ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.