შვედეთში, გეტებორგში სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე, საქართველოს შესახებ გადაღებულმა ვიდეო რგოლმა ხმათა უმრავლესობით, 750 ფილმს შორის ნომინაციაში სათავგადასავლო ტურიზმი პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ATWS სამიტი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით.
უწყების ცნობით, ვიდეო-კლიპი, რომელიც საქართველოში სათავგადასავლო და ექსტრემალურ ტურიზმს ეხება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია, რომელიც GLP Films-თან თანამშრომლობით მომზადდა.
ვიდეო რგოლს სოციალურ ქსელებში მსოფლიო მასშტაბით 17 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
„ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში. ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის ეს უდიდესი მიღწევაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ მიზანია გამოვკვეთოთ საქართველოს კონკრეტული უპირატესობა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე სათავგადასავლო ტურიზმის კუთხით. სათავგადასავლო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, საქართველო კი ამ მიმართულებით უნიკალური შესაძლებლობების ქვეყანაა და ეს ჯილდო ამ ფაქტის კიდევ ერთი აღიარებაა,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
შვედეთში მიმდინარე სამიტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო წარდგენილი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით პრეზენტაციები მოეწყო.
სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტს (ATWS), სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაცია ყოველ წელს მართავს. გეტებორგში მიმდინარე წლევანდელ ღონისძიებაში 55 ქვეყნის 700-ზე მეტი ტუროპერატორი, ბლოგერი და ჟურნალისტი მონაწილეობს.