"ჩვენ უნდა დაგვარწმუნონ, რომ ამა თუ იმ კომპანიის მონაწილეობაზე უარის თქმა განპირობებულია ქვეყნის სტრატეგიიდან გამომდინარე და არა ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად"

ჩვენ უნდა დაგვარწმუნონ, რომ ამა თუ იმ კომპანიის მონაწილეობაზე უარის თქმა განპირობებულია ქვეყნის სტრატეგიიდან გამომდინარე და არა ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა, რომ ინვესტორებს არ ჰქონდეთ უფლება, რუსული კომპანია შევიდეს ანაკლიის პროექტში.

“საქართველოს მთავრობის დანაშაულებრივი, უპასუხისმგებლო ქმედებების გამო, ამერიკული კომპანია “კონტი” გავიდა ანაკლიის პროექტიდან. საქართველოს მთავრობამ მიაღწია იმას, რომ გააგდეს ეს კომპანია, ვინაიდან მათ დაინახეს, რომ პერსპექტივა ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტს აღარ აქვს. თუკი რაიმე ეჭვი არსებობს, რომ ეს კომპანია შეიძლება იყოს რუსული ან შეიძლება მომავალში იყიდოს რუსეთმა, ან რაღაც ფორმით ის დაკავშირებულია რუსეთთან, ეს არის დაუშვებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევეწინააღმდეგებით ნებისმიერი ისეთი კომპანიის შემოსვლას, რომელიც თუნდაც იოტისოდენა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთთან დაკავშირებით. ანაკლიაში უნდა იყოს მთავრობის ისეთი მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც აქ შემოვა, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ რუსული კომპანია ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, შემოვიდეს ანაკლიის პროექტში. ეს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ხელისუფლება ეწევა სპეკულაციას და ამ კომპანიას აშავებენ არასამართლიანად, ეს უნდა იყოს საჯარო. ჩვენ უნდა დაგვარწმუნონ, რომ ამა თუ იმ კომპანიის მონაწილეობაზე უარის თქმა განპირობებულია ქვეყნის სტრატეგიიდან გამომდინარე და არა ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად”,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აქციების 42%-ის მფლობელმა, ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ (Conti International LLC) კონსორციუმი აგვისტოს დასაწყისში დატოვა. ამასთან, როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განიხილავს კომპანია Meridian Capital Limited-ს, თუმცა, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ კომპანიას, პროექტში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.