„სადგურის მოედნისა“ და სარაჯიშვილის მეტროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
კერძოდ, „ვაგზლის მოედანი 1“-ის, „ვაგზლის მოედანი 2“-ისა და „სარაჯიშვილი“-ს კაპიტალური შეკეთების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის აუცილებელ კვლევით სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 138 ათასი ლარია.
„მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს თბილისის მეტროპოლიტენის მეტროსადგურების ვიზუალური და ინსტრუმენტალური კვლევითი სამუშაოები, მათ შორის მიმწოდებელმა აუცილებლად უნდა განახორციელოს: წინასწარი ვიზუალური კვლევა: შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციების დაზიანებების გამოვლინება; ხილული დეფექტების და დაზიანებების გამოვლენა და ფიქსირება; კონსტრუქციების დეფექტური და დაზიანებული ადგილების ფოტოფიქსაცია; აღმოჩენილი დეფექტების ზომების განსაზღვრა, ნახაზ-სქემებზე დეფექტების ადგილმდებარეობის მონიშვნა; დეფექტების და დაზიანებების სქემებისა და უწყისების შედგენა,“ - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 135 კალენდარული დღე, მაგრამ თითოეულ სადგურზე არაუმეტეს 45 კალენდარული დღეა განსაზღვრული. სადგურების თანმიმდევრობას კი შემსყიდველი განსაზღვრავს.