ბოლო 6 თვის განმავლობაში 341 სოფელი გამრიცხველიანდა

ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 341 სოფელში დასრულდა.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომპანიამ 51 973 აბონენტს ევროპული სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟა. მათივე ინფორმაციით, გამრიცხველიანების პროექტის საინვესტიციო თანხამ 1 293 250 ლარი შეადგინა.

"რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება, რადგან ის ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტთაგანია. ჩვენი ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში", – აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კომპანიის ინფორმაციით, გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.  "კომპანიის გეგმის თანახმად, ინვესტიციები გაგრძელდება როგორც ქსელის რეაბილიტაციის, ისე გამრიცხველიანების კუთხით. 2014-2015 წლებში საერთო ჯამში განხორციელდება 75 მლნ ლარამდე ინვესტიცია. ინდივიდუალური გამრიცხველიანება კომპანიის მომსახურების არეალში 2015 წელს დასრულდება", - აცხადებენ კომპანიაში.