საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის თქმით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება, რომელსაც ბიზნესი პრემიერთან შეხვედრაზე დააყენებს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბიზნეს ასოციაციის გაფართოვებული შეხვედრის ფორმატში სავარაუდოდ, 2-3 კვირაში შედგება.
„ვხედავთ, რომ საკითხის მიმართ ბიზნესის ძალიან მაღალი ინტერესია. დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2-3კვირაში, როდესაც შეხვედრა იქნება პრემიერ-მინისტრთან, ეს თემა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც ბიზნესი დააყენებს და ალბათ, საინტერესო იქნება მთავრობის პოზიციის მოსმენა. ეს კანონპროექტის ინიციატორებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან თუ საუბარია ეკონომიკის შეფერხებაზე ან პრობლემებზე, რომელსაც ეს ცვლილებები გამოიწვევს, ინიციატორებმა მთავრობის პოზიცია უნდა გაითვალისწინონ,"-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, სასურველია, რომ მოხდეს ცვლილებების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება და ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მოცემულობას შეესაბამება.
„სულ მცირე ევროკავშირის დირექტივებით განსაზღვრული სტანდარტები მაინც დავიცვათ, იმის მიუხედავად, რომ თავად ევროკავშირის 16 წევრ ქვეყანაშიც კი შეჩერებულია გარკვეული ნორმები, რადგან მათ ჩათვალეს რომ მათი ეკონომიკური განვითარება ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს კონკრეტულ ნორმებში არსებული სტანდარტების შესრულებას. ჩვენი მიზანია ვნახოთ, ეკონომიკური დასაბუთება და ამ დასაბუთების შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება როგორი ტიპის მოდელი სჭირდება ქვეყანას არსებული ვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება იმას ,რომ საკანონმდებლო ცვლილებები შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებს მნიშვნელოვნად ზრდის და ჯარიმის დაწერაზე დისკრეციის უფლებას ანიჭებს, ვეფხვაძის შეფასებით, იმ პირობებში, რომ არ არსებობს შესაბამისი დავების საბჭო , ეს ცვლილება ბიზნესის მიმართ ცუდი გზავნილი იქნება , რომელიც თავის მხრივ ინვესტიციებზე აისახება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.