„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაეკისრა.
GWP-ის ცნობით, presa.ge ბოდიშს უხდის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და საზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.
,,ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში" არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა სხვა სააგენტოებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ - ნათქვამია presa.ge-ს მიერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2019 წლის 2 აპრილს შეიტანა, presa.ge-ს მიერ ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში” სათაურით გავრცელებული სტატიის გამო. GWP საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არასწორი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.