"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე ამაღლდა

სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე აამაღლა.

სარეიტინგო სააგენტოს მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში რეიტინგის ამაღლების ძირითადი ფაქტორია "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ მიღწეული საოპერაციო შედეგები. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადები და სააგენტოს მოლოდინი, რომ 2014-2015 წლებში არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება.

2012 წლის მაისში კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ აშშ დოლარის ევროობლიგაციები 6.875%-ში. მოზიდული სახსრები მიმართულ იქნა გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასაფინანსებლად, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.

კორპორაციის განცხადებით, წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ამაღლება მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპორაციის დადებითი იმიჯისათვის, მისი პოზიტიური ისტორიის შესაქმნელად, რაც მომავალში არა მხოლოდ "ნავთობისა და გაზის კორპორაციის", არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუადვილებს საერთაშორისო ბირჟებზე ფინანსური რესურსების მოზიდვას.