2,97 მლრდ გირვანქა სტერლინგი - რა შემოსავალს ელოდება იაპონია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019“ დღეს, 20 სექტემბერს იაპონიაში დაიწყება და უდიდესი სპორტული შეჯიბრი 2 ნოემბერს დასრულდება.

მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები, მათ შორის ქართველი “ბორჯღალოსნები“ რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობისთვის იბრძოლებს. იაპონიაში ამ დღისთვის მოეწყო სპეციალური ინფრასტრუქტურა და გამოიყო თანხები, რათა ქვეყანა რაგბის გულშემატკივრებს მომზადებული დახვდეს. სპეციალურად ჩემპიონატისთვის ქვეყანაში 25 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

იაპონიაში რაგბის გულშემატკივრებს ქვეყნის 12 ქალაქში ელოდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი მასპინძლები იქნებიან.

მასპინძელ ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ „რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019“ ქვეყანის ეკონომიკას რეკორდულად დიდ შემოსავალს მოუტანს.

წინასწარი ეკონომიკური კვლევებით ცნობილია, რომ ქვეყანაში ჩემპიონატისას საერთო ჯამში 2,97 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უნდა შევიდეს. ამასთან, ჩემპიონატის განმავლობაში ქვეყანაში 400 000 ვიზიტორს ელოდებიან.

ეკონომიკის ექსპრტებმა გამოიანგარიშეს ისიც, თუ რამდენს დახარჯავენ ტურისტები ქვეყანაში მოგზაურობისას. როგორც ამბობენ, ისინი ქვეყნის ბიუჯეტს დამატებით 105, 7 მილიარდ იენს ანუ 0,72 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შემატებენ.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ