მომხმარებელს აფთიაქებმა მოკლევადიანი პრეპარატებიც მიყიდეს

მომხმარებლების ნაწილმა, რომლებიც მედიკამენტებს იმარაგებდნენ, მოკლევადიანი პრეპარატები შეიძინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილმა ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე რამდენიმე ასეული ლარის მედიკამენტები იყიდა, სახლში მიტანისას კი აღმოაჩინა, რომ პრეპარატს ვადა ორ თვეში ეწურებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა. მინისტრის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ აფთიაქების ნაწილმა მოკლევადიანი პრეპარატები გაყიდეს. დავით სერგეენკოს განცხადებით, მისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა უწყებას არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს, რომ ამაზე პასუხი მოითხოვოს.

"ცვლილებების შესახებ ფარმინდუსტრია ჯერ კიდევ შარშან ზაფხულიდან ინფორმირებული იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მათთან კომუნიკაცია სულ ჰქონდა. ისინი გვეუბნებოდნენ დეკლარირებულად, რომ თვითონაც მიესალმებიან ამ ყველაფერს და ხელს შეუწყობენ დანერგვა-იმპლემენტაციაში. მე, რა თქმა უნდა, მქონდა მათთან შეხვედრა. მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ზოგიერთი აფთიაქისა და ზოგიერთი ფარმკომპანიის მიერ და არა მთლიანად ფარმინდუსტიის მიერ განხორციელდა ის, რაც მოხდა ორი კვირის წინ. ის, რომ შეატყობინეს, მედიკამენტების პირველი სექტემბრიდან რეცეპტით გაცემის თაობაზე – ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, კარგია, პარტნიორობაა. მაგრამ ის, რომ ასე იქცეოდნენ, რომ ასაღებენ მოკლევადიან წამლებს, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ჩვენ არანაირი ინსტრუმენტი არ გვაქვს, რომ ვასწავლოთ, მივუთითოთ ან პასუხი მოვთხოვოთ ამაზე. ეს არის ტოტალური გასხვისებისა და პრივატიზაციის კიდევ ერთი ნაშიერი", - განაცხადა დავით საერგეენკომ.

დღეიდან მედიკამენტების ნაწილი ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ, ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და აღნიშნულის გათვალისწინება სთხოვა.