კომპანია Google-მა მისი არსებობის მანძილზე უმსხვილესი ინვესტიცია განახორციელა საკუთარი გლობალური ოპერაციების განხორციელებაში განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე.
ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ ჰელსინკში ფინეთის პრემიერთან ანტი რინესტან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2017 წლიდან მოყოლებული ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი გლობალური ოპერაციები ხორციელდება განახლებადი ენერგიის ხარჯზე. ამ კვირაში ჩვენ განვახორციელეთ უმსხვილესი შენაძენი განახლებადი ენერგეტიკის სფეროში, რომლის ნახევარის წარმოება მოხდება ევროპაში 10 ახალი ენერგოპროექტის ამუშავებით. ამისთვის ჩვენ მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩავდეთ ახალ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ევროკავშირში“ - განაცხადა პიჩაიმ.
მისივე თქმით, საუბარია, ერთ პროექტზე ბელგიაში, ხუთზე დანიაში, ორზე შვედეთში და ორზე ფინეთში. ფინეთში მდებარე ობიექტები 255 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებენ ეს კი ორჯერ მეტია თავად კომპანიის მიერ ამ ქვეყანაში მოხმარებულ ენერგიაზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google მსოფლიოს მასშტაბით 18 პროექტზე მუშაობდა, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის ბლოკები იყო, რომლებიც ჯამურად 1,6 ათას მგვტ ენერგიას გამოიმუშავებენ.
პეჩაის განცხადებით, კომპანია მომდევნო ორი წლის განავლობაში 3 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს საკუთარი მონაცემთა-ცენტრების ქსელის გაფართოებაში. ეს კი გაზრდის კომპანიის მხრიდან ევროპაში განხორციელებულ საინვესტიციო მონაცემს, რომელსაც ევროპის ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში 2007 წლიდან დღემდე 15 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს ჩადებული.