კანიე ვესტი პირველად ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეპერი  გახდა

რეპერი კანიე ვესტი ჟურნალ „ფორბსის“ ახალ რეიტინგში პირველად გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეპერის ტიტულის მფლობელი.

ყოველწლიურ რეიტინგში, რომელსაც ჟურნალი ასახელებს კანიე ვესტმა ამ პოზიციის დაკავება ბოლო 1 წლის განმავლობაში 150 მილიონი დოლარის გამომუშავებით შეძლო. ეს კი მუსიკაზე მეტად მოდის ბიზნესიდან მიღებული ჰონორარებით მოახერხა. როგორც ცნობილია, გასულ წელს ვესტმა Adidas-თან ერთად გამოსცა ფეხსაცმელების ხაზი - Yeezy, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ჩემი მიზანი იყო შემექმნა სპორტული ფეხსაცმელი. მინდოდა პარადიგმა გადამეწია და Yeezy მექცია ახალ Jordan-ებად“ - განუცხადა მან გამოცემას.

რეიტინგში მეორე ადგილზეა გასული წლის ლიდერი ჯეი-ზი, რომლის შემოსავლებმა მეუღლე ბიონსესთან ერთად გამართული ტურნეს ბოლოს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. სამეულს კი სტრიმინგ სერვისებზე ყველაზე მოსმენადი კანადელი რეპერი დრეიკი ხურავს. მან 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ათეულში ასევე მოხვდნენ: Diddy ($70 მლნ), Travis Scott ($58 მლნ), ემინემი ($50 მლნ), DJ Khaled ($40 მლნ), კენდრიკ ლემარი ($38.5 მლნ), Migos ($36 მლნ), Childish Gambino ($35 მლნ).

კოკა კვირკველია