გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა - აღნიშნული მიმართულებები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საშემოდგომო სესიაზე იმ 10 მნიშვნელოვან გამოწვევას შორისაა, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებით სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს დაინტერესებას.
„ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენი მოქალაქე ინტერესდება ყოველდღიურად გარემოს და ეკოლოგიის საკითხებით. ეს არის ჰაერი, ეს არის სასმელი წყალი, ეს არის ჩვენი მწვანე საფარი, ტყეები და ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოსთვის არის უნიკალური სიმდიდრე და შესაძლებლობა მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ აქ, ტყის კოდექსთან ერთად, პარლამენტი აპირებს, რომ უფრო ეფექტური გარანტიები შექმნას და უფრო მეტად შეუწყოს ხელი ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ასევე ჩვენი ბუნებრივი რესურსების გრძელვადიან დაცვასა და მდგრად განვითარებას. ჩვენ ვგეგმავთ გადავხედოთ მწარმოებელთა ვალდებულებებსაც, თუ იქ არის რაღაც, რაც სექტორთან შეთანხმებით შეიძლება კიდევ შევცვალოთ, კიდევ წავახალისოთ წარმოებები, რომ დანერგონ ახალი, უფრო მაღალი სტანდარტები, რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ერთად ამ გადაწყვეტილებებს განვიხილავთ.
რაც შეხება ტექდათვალიერებას, ესეც ერთ-ერთი საკითხია, რითაც ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეფექტური მონიტორინგი გავუწიოთ ტექნიკური დათვალიერების პროცესს და იმ რეგლამენტს, რაც შემოვიღეთ. ეს რეალურ ცხოვრებაში უნდა მუშაობდეს და უნდა ცვლიდეს ავტოპარკის სტანდარტებს და თვისობრივად უნდა აუმჯობესებდეს იმ მავნე ზემოქმედების შემცირებას, რომელიც გვაქვს ავტოპარკთან მიმართებაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანა.
„მიწის რეფორმა არის ბოლომდე მისაყვანი. ჩვენ მივიღეთ სასოფლო- სამეურნეო მიწების შესახებ კარგი კანონი. ამ კანონს სჭირდება ახლა რეალურ ცხოვრებაში ეფექტური აღსრულება, სჭირდება ინსტიტუციური გაძლიერება და რაც მთავარია, სჭირდება, რომ ეს კანონი ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ფერმერებმა, ადამიანებმა, ვინც მიწას ამუშავებენ გამოიყენონ. მიწის რეფორმა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და ჩვენ საშემოდგომო სესიაზე, მაქსიმალურად დავეხმარებით მთავრობას, რომ ეს კანონმდებლობა განახორციელოს წარმატებით. აქ არის ასევე ქარსაცავი ზოლების თემაც, სადაც გასაკეთებელი გვაქვს ნამდვილად და აქაც შევეცდებით, რომ საკანონმდებლო მხარდაჭერა ვუზრუნველყოთ. ჩვენ გვაქვს სურსათის უვნებლობის მიმართულება, კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერას მოითხოვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აქვე დასძინა, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სესია იქნება და ის შეეცდება პერიოდულად ანგარიში ჩააბაროს მედიას, პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით.