1 სეტემბრიდან პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატს შემოსავლების სამსახური გასცემს

პროდუქციის იმპორტირებისას წარსადგენი წარმოშობის სერტიფიკატის (Eur.1) მისაღებად მეწარმეებმა უნდა მიმართონ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით. შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოსთან დაკავშირებით.

1 სექტემბრიდან, ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით პროდუქციის იმპორტირებისას წარსადგენი წარმოშობის სერტიფიკატის (Eur.1) მისაღებად მეწარმეებმა უნდა მიმართონ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს. შეგახსენებთ, რომ დღემდე EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატს შემოსავლების სამსახურთან ერთად გასცემდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო სამრეწველო პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.