"ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პასუხები კითხვებზე: გადასცდება თუ არა დოლარი 3-ლარიან ნიშნულს, გაიზრდება თუ არა ინფლაცია და რატომ ხარჯავს "მომჭირნედ" სებ-ი სავალუტო რეზერვებს ლარის გასამყარებლად"
ბოლო დროს კეთდება პროგნოზი, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ლარი დოლარის მიმართ უფრო გაუფასურდება და 3-ლარიან ნიშნულსაც გადალახავს. მიზეზებად სახელდება ინვესტიციების შემცირება, ტურისტული სეზონის დასასრული და რეფინანსირების სესხების არსებული განაკვეთი. როგორია ეროვნული ბანკის მოლოდინი ლარის კურსთან დაკავშირებით როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში, რა ბერკეტების გამოყენებას აპირებს, რათა ფასების ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს არ მიაღწიოს და რით პასუხობს კრიტიკას, რომ საჭირო დროს ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებს არ იყენებს - ყველა ამ შეკითხვით საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს მივმართეთ.
- საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, შესაბამისად, ყველა არსებული ინფორმაცია და ბაზრის მოლოდინები მიმდინარე კურსში ასახულია. ეს ეხება ტურისტული სეზონის დასასრულს, სხვა დღეისთვის ცნობილ ინფორმაციას, ამიტომ მათ კურსის მომავალ დინამიკაზე გავლენა აღარ უნდა მოახდინონ.
მოკლევადიან პერიოდში გაცვლით კურსზე, ძირითადად, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა მოლოდინები მოქმედებს. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი გაცვლითი კურსის დინამიკაზე გავლენას უკვე ფუნდამენტური ფაქტორები ახდენს - ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, უცხოური ინვესტიციები, წმინდა ტრანსფერები უცხოეთიდან, ტურისტული შემოდინებები.
- იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ლარი-დოლარის გაცვლითმა კურსმა შესაძლოა 3-ლარიანი ნიშნული გადალახოს?
- დღეს არსებული ინფორმაციით, კურსი ზედმეტად გაუფასურებულია, ამიტომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა კურსზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს და მოკლევადიანი პროგნოზი შეუძლებელია.
- რას ნიშნავს, როცა მთავრობა ამბობს, ლარი ზედმეტად არის გაუფასურებულიო?
- კურსის მიმდინარე დინამიკაზე მეტ-ნაკლებად სრული ინფორმაცია გვექნება, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება საგადამხდელო ბალანსის მონაცემები. ვარაუდების გამოთქმა ამ ეტაპზე მხოლოდ ინფორმაციის ნაწილზე დაყრდნობით შეიძლება. როცა ვამბობთ, რომ ლარის კურსი ზედმეტად არის გაუფასურებული, ვგულისხმობთ, რომ ლარის გაცვლითი კურსის დინამიკიდან გამომდინარე (ეს ნიშნავს ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, ანუ შეწონილ კურსს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან), ამჟამინდელი ნიშნული მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული მის გრძელვადიან ტრენდთან შედარებით და ამ გაუფასურებას, დღევანდელი ინფორმაციით, საკმარისი ეკონომიკური საფუძველი არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრული შოკი რუსეთიდან ფრენების აკრძალვას მოჰყვა, ჯამურად სავალუტო შემოდინებებში დადებითი ტენდენცია გვაქვს.
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხშირად ამბობს, რომ სებ-ის ფუნქცია ლარის კურსის დაჭერა არ არის და ეროვნული ბანკის მიზანი ინფლაციის მართვაა. წლიური ინფლაციის დონემ 5%-ს მიაღწია, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი. სხვადასხვა კვლევის თანახმად (მათ შორის თი-ბი-სის კვლევის), თუ ლარის კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია 7%-მდე გაიზრდება, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. უფრო მძიმე პროგნოზების თანახმად კი, ინფლაციამ შესაძლოა ორნიშნა მაჩვენებელსაც მიაღწიოს. ეთანხმებით თუ არა ამ პროგნოზებს და როგორია ეროვნული ბანკის მოლოდინები?- აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4,9% შეადგინა. ინფლაციის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, ერთჯერადი ფაქტორებია სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი - 0,8 პროცენტული პუნქტი) და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება. თუმცა ბოლო დროს გაიზარდა ინფლაციაზე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების გავლენა.
ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით, რომელიც ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში გამოქვეყნდა, ინფლაცია მომდევნო წლის პირველ კვარტალამდე მიზნობრივ დონეზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემცირებას დაიწყებს და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
ამჟამად ვმუშაობთ განახლებულ პროგნოზზე, რომელიც ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში გამოქვეყნდება.მართალია, გაცვლითმა კურსმა ინფლაციის გაზრდისკენ მიმართული წნეხი გააჩინა, ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი მოთხოვნა ჯერ კიდევ სუსტია, რაც, პირიქით, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ზემოქმედებს. როგორც მოგახსენეთ, გაზრდილი ინფლაციის რისკების საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით და ჩვენ ამ პროცესს განვაგრძობთ, სანამ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რათა ქვეყანაში ინფლაციური პროცესების განვითარება არ დაუშვას.
- მოსახლეობას ხშირად რჩება განცდა, რომ ინფლაციის ოფიციალური მონაცემი რეალურ სურათს არ ასახავს. არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ სულ უფრო ეზრდებათ ხარჯი იმავე შემოსავლების პირობებში. რამდენად ზუსტად ასახავს რეალობას მეთოდოლოგია, რომლითაც "საქსტატი" ინფლაციის მონაცემს ითვლის, რომელსაც თქვენც ენდობით და იყენებთ როგორც საზომ პარამეტრს?
- საქართველოში ინფლაციას "საქსტატი" ითვლის და ამისთვის იყენებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის შეფასების ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და საუკეთესო საზომს. მოსახლეობის განცდა, რომ ინფლაცია შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ოფიციალური მონაცემები, დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სამომხმარებლო კალათაში შედის ისეთი პროდუქტებიც, რომლებსაც ადამიანი წლის განმავლობაში იშვიათად ყიდულობს, თუმცა ამ პროდუქტებს შესაძლოა დიდი წონა ჰქონდეთ ჯამურ წლიურ ხარჯებში. თუკი ფასები ასეთ საქონელსა და მომსახურებაზე წლიდან წლამდე შედარებით ნელა იზრდება, მომხმარებელს, დიდი ალბათობით, მხოლოდ იმ პროდუქტების ფასების სწრაფი ცვლილება დაამახსოვრდება, რომელთაც ის ყოველდღიურად ყიდულობს - თუნდაც ამ პროდუქტების წონა წლიურ ხარჯებში დიდი არ იყოს. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ საქონლისა და მომსახურების წონების დაანგარიშება ხდება საშუალო-სტატისტიკური მომხმარებლის დანახარჯების სტატისტიკის მიხედვით.
- როგორია თქვენ მიერ გაკეთებული ყველაზე მძიმე პროგნოზი მოსალოდნელ ინფლაციაზე და როგორ იმოქმედებთ ამ შემთხვევაში, თქვენ ხელთ არსებულ რა ბერკეტებს გამოიყენებთ?
- ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობაა, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის 3%-იან ნიშნულთან დაახლოებას გულისხმობს. ყოველ კონკრეტულ მომენტში ინფლაცია შესაძლოა გადახრილი იყოს მიზნობრივი დონიდან, თუმცა სებ-ის პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია აუცილებლად დაუახლოვდება მიზნობრივ ნიშნულს. ეროვნული ბანკი მზად არის განაგრძოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, სანამ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე არსებული წნეხი არ მოიხსნება. მომდევნო თვეებში შესაძლოა ინფლაციის მაჩვენებლის მატება აღირიცხოს, თუმცა მნიშვნელოვან ზრდას არ ველით.
- ლარის გამყარება შეაჩერებდა თუ არა ფასების საერთო დონის ზრდას?
- გაცვლითი კურსი ინფლაციაზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია. კურსის გაუფასურება, რა თქმა უნდა, ინფლაციაზეც მოქმედებს, თუმცა, როცა ერთობლივი მოთხოვნა სუსტია, ეს ანეიტრალებს გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლას და საბოლოო ჯამში ინფლაცია არ იზრდება. ბოლო თვეებში ჩვენ დავინახეთ, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა იმაზე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მისი დამაბალანსებელი გავლენა იყო სუსტი ერთობლივი მოთხოვნის მხრიდან. შესაბამისად, დადგა რეაგირების საჭიროება და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით გავზარდეთ. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი მზად არის გამკაცრება განაგრძოს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გვქონია პერიოდები, როცა ლარის გაუფასურება ინფლაციას არ იწვევდა, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტა უფრო მეტად უფასურდებოდა, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა გვაქვს. რომ შევაჯამოთ, დღეს არსებული კურსის დინამიკა ისეთია, რომ ლარის გამყარება ინფლაციის შემცირებას გამოიწვევს.
- ეროვნულ ბანკს ხშირად საყვედურობენ, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად არ იყენებს სავალუტო რეზერვებს. მეტიც, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის დამფუძნებლისგან, მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ, ცოტა ხნის წინ ასეთი რამეც მოვისმინეთ: "სამარცხვინოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი... ჩვენ ასეთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გვყოლია, რომელმაც პრაქტიკულად არ იცის, როდის უნდა იყიდოს დოლარი, ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავსებს ქვეყნის რეზერვს და ერთი სიტყვა არ უთქვამს [საბანკო] სისტემის დასაცავად". რით პასუხობთ ამ ბრალდებებს და რა განმარტება გაქვთ სავალუტო რეზერვების ასე მომჭირნედ გამოყენებაზე?
- როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო არაერთი პრაქტიკა აჩვენებს, რომ კურსის ხელოვნური, რეზერვებით დასტაბილურება ხარჯიანი და ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. რეზერვები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ არა გაუფასურების შედარებით ხანგრძლივი ეპიზოდების შესაჩერებლად. რაც მეტად იქნება რეზერვები გაუფასურების შესაჩერებლად გამოყენებული, მით მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეკონომიკისთვის და ამან საბოლოოდ ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს. რეზერვების კურსის დასასტაბილურებლად გამოყენება გარკვეულწილად ნიშნავს, მაგალითად, იმპორტის დაფინანსებას, თანაც, ძირითადად, სამომხმარებლო იმპორტის. როგორც წესი, ეს ეკონომიკას ხანგრძლივ დადებით შედეგს ვერ მოუტანს. მეტიც, ასეთ ნაბიჯებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი გაუფასურება მოსდევს. ამის არაერთი მაგალითი იყო როგორც რეგიონში, ასევე საზოგადოდ, მსოფლიოში, როდესაც ჩვენზე გაცილებით მდიდარმა და დიდი რეზერვების მქონე ქვეყნებმაც ვერ მოახერხეს კურსზე გრძელვადიანი გავლენის მოხდენა, საბოლოოდ კი ეკონომიკისთვის უფრო დამაზიანებელი შედეგები მიიღეს მკვეთრად გაუფასურებული ვალუტის, შემცირებული ზრდისა და გაზრდილი უმუშევრობის სახით.
ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია. განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება. საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ამ დონეს გარკვეულწილად ჩამორჩებოდა და ჩვენ მიერ ვალუტის შესყიდვები ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას ემსახურებოდა. ამჟამად რეზერვები ადეკვატურობის ფარგლებშია და მათი შევსების საჭიროება ნაკლებია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და ბაზარზე უცხოურ ვალუტას მხოლოდ მაშინ ვყიდულობთ, როდესაც გამყარების ტრენდია. ამას ვაკეთებთ ისე, რომ ჩვენი ჩარევა მინიმალურად აისახოს გაცვლით კურსზე და მანამდე არსებულ ტრენდს ხელი არ შევუშალოთ.