„კურსის ხელოვნური, რეზერვებით დასტაბილურება ხარჯიანი და ეკონომიკისთვის დამაზიანებელია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეზერვები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ არა გაუფასურების შედარებით ხანგრძლივი ეპიზოდების შესაჩერებლად. რაც მეტად იქნება რეზერვები გაუფასურების შესაჩერებლად გამოყენებული, მით მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეკონომიკისთვის და ამან საბოლოოდ ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს.
„რეზერვების კურსის დასასტაბილურებლად გამოყენება გარკვეულწილად ნიშნავს, მაგალითად, იმპორტის დაფინანსებას, თანაც, ძირითადად, სამომხმარებლო იმპორტის. როგორც წესი, ეს ეკონომიკას ხანგრძლივ დადებით შედეგს ვერ მოუტანს. მეტიც, ასეთ ნაბიჯებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი გაუფასურება მოსდევს. ამის არაერთი მაგალითი იყო როგორც რეგიონში, ასევე საზოგადოდ, მსოფლიოში, როდესაც ჩვენზე გაცილებით მდიდარმა და დიდი რეზერვების მქონე ქვეყნებმაც ვერ მოახერხეს კურსზე გრძელვადიანი გავლენის მოხდენა, საბოლოოდ კი ეკონომიკისთვის უფრო დამაზიანებელი შედეგები მიიღეს მკვეთრად გაუფასურებული ვალუტის, შემცირებული ზრდისა და გაზრდილი უმუშევრობის სახით.
ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია. განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება. საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ამ დონეს გარკვეულწილად ჩამორჩებოდა და ჩვენ მიერ ვალუტის შესყიდვები ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას ემსახურებოდა. ამჟამად რეზერვები ადეკვატურობის ფარგლებშია და მათი შევსების საჭიროება ნაკლებია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და ბაზარზე უცხოურ ვალუტას მხოლოდ მაშინ ვყიდულობთ, როდესაც გამყარების ტრენდია. ამას ვაკეთებთ ისე, რომ ჩვენი ჩარევა მინიმალურად აისახოს გაცვლით კურსზე და მანამდე არსებულ ტრენდს ხელი არ შევუშალოთ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.