რთული წელიწადის შემდეგ, 178 წლის ბრიტანულმა ტურ-ოპერატორმა Thomas Cook-მა კვირას ღამით კოლაფსი განიცადა, შედეგად, ათასობით მოგზაური მომსახურების გარეშე დარჩა.
კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ სავალდებულო ლიკვიდაციის გარდა, არჩევანი არ ჰქონდათ.
„გადაწყვეტილება სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ დღეს, საქმიანობის დაწყებამდე კომპანიის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება გამოიტანა“, - ნათქვამია Thomas Cook-ის განცხადებაში.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ფანკჰაუზერმა მომხმარებლებს, დასაქმებულებს, მიმწოდებლებსა და პარტნიორებს ბოდიში მოუხადა.
„ეს უაღრესად მძიმე დღეა კომპანიისთვის, რომელიც დასვენების სრული პაკეტის შექმნაში პიონერი იყო და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს მოგზაურობის საშუალება მისცა“, - განაცხადა ფანკჰაუზერმა.
ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, უცხოეთში ტურისტული სააგენტოს 150 000 კლიენტია, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ხელისუფლება აპირებს, რომ ეს ადამიანები სამშობლოში ორი კვირის განმავლობაში დააბრუნოს. როგორც BBC- ი წერს, ეს იქნება ბრიტანეთის უდიდესი რეპატრიაცია მშვიდობის დროში.
Thomas Cook-ს 22,000 თანამშრომელი ჰყავდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის 9 000 თავად ბრიტანეთში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის კოლაფსმა აზიაში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. როგორც CNN წერს, ჩინური ფირმის Fosun Tourism-ის ვაჭრობა ჰონგ-კონგში 5%-ით დაეცა.
Thomas Cook კი კვირის განმავლობაში ცდილობდა, კოლაფსი თავიდან აერიდებინა მას შემდეგ, რაც შოტლანდიის სამეფო ბანკმა და დანარჩენმა ბანკებმა მისგან 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის (250 მილიონი დოლარის) დაბრუნება მოითხოვეს.
კომპანიისთვის რთული წელი 2018-ის მაისიდან დაიწყო. ბრექსითის ფონზე და ტურიზმის სექტორში არსებული ინტენსიური კონკურენციის გამო, Thomas Cookის აქციების ფასი 96%-ზე მეტად დაეცა.
Thomas Cook-ის ჯგუფი 1841 წელს დაარსდა. მისი პორტფელი მოიცავდა ტურიზმს, ავიაციას და სასტუმროს ბიზნესს. კომპანიის დაქვემდებარებაში იყო დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და ესპანეთში ბაზირებული 100-ზე მეტი თვითმფრინავი, 186 სასტუმრო 38 000-ზე მეტი ოთახით.