კახეთის რეგიონში, 23 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
მათ შორის 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 14 ათასამდე მევენახემ სხვადასხვა ღვინის საწარმოს მოსავალი უკვე ჩააბარა.
„ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 288 კომპანია, მათგან 172 უკვე ჩართული იყო რთველის პროცესში.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501“, - ნათქვამია ინფორმაციაში.