8 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლის სახით 6 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 8 თვის მონაცემების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 8 თვეში ბიუჯეტში ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსავლებმა 6 მილიარდ 943 მლნ ლარი (წლიური გეგმის 66%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 114 მლნ ლარით (2%-ით) აღემატება;
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების უდიდეს ნაწილს (91%-ს) 6,315 მლრდ ლარს, საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს , საიდანაც 43%-ს დამატებული ღირებულების, 33%-ს საშემოსავლო, 14%-ს კი აქციზის გადასახადია.
ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები (9%-ით) და 2,096 მლნ ლარს შეადგენს. ამავდროულად, შემცირდა შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადიდან 2,719 მლნ ლარამდე (7%-ით) და აქციზის გადასახადით მიღებული შემოსავლები 860 მლნ ლარამდე (9%-ით).
ცნობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში წლიური გეგმის თანახმად,10 487 700 000 ლარის აკუმულირებაა გათვალისწინებული.