მილიარდობით ევრო და მილიონობით სამსახური - ევროპელი ავტომწარმოებლები „ბრექსითის“ შესაძლო შედეგებს ითვლიან

ერთი თვით ადრე, ვიდრე ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვების ვალდებულება ექნება, ბლოკის ავტომწარმოებლებმა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შედეგად, მილიარდობით ევროს დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. მხოლოდ ბრიტანეთში დანაკარგი შეიძლება წუთში 50 000 ფუნტს უდრიდეს. შესაბამის ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს გეგმავს, მაგრამ როგორც „როისტერსი“ იუწყება, ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ბიზნეს სექტორს „ბრექსითის“ გეგმაში მის წინამორბედთან ტერეზა მეისთან შედარებით, უფრო მეტად არწმუნებს. ტერეზა მეის გეგმა პარლამენტმა სამჯერ უარყო.

ევროპის ატომობილების მწარმოებელთა ასოციაციის, ევროპის ავტომიმწოდებლების ასოციაციისა და 17 ეროვნული ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად არსებული შეუთანხმებლობა ზეგავლენას მოახდენს ინდუსტრიაზე, რომელსაც ევროკავშირში, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით 13.8 მილიონი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ორივე მხარე (ბრიტანეთი და ევროკავშირი) დაიცავს, განცხადების თანახმად, „ბრექსითის“ შემდეგ, სავარაუდოდ, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ავტომობილებით ვაჭრობის გადასახადი 5.7 მილიარდი ევროთი გაიზრდება.

როგორც „როიტერსი“ წერს, ევროპის საავტომობილო ინდუსტრია სასაზღვრო მიწოდების ჯაჭვზეა დამოკიდებული, რომელიც თავის მხრივ, ნულოვანი ტარიფის გამო ინარჩუნებს ეფექტურობას. ბრიტანეთის საავტომობილო ინდუსტრია, რომელიც თითქმის სრულად, უცხოელებს ეკუთვნის, განსაკუთრებით დაუცველია, რადგან მისი ქარხნების მესაკუთრეთა დიდ ნაწილს გერმანელი, ფრანგი და იაპონელი ავტომწარმოებლები წარმოადგენენ.

მარიამ მენაბდიშვილი