ქართული ხორბლის დაცვის მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება

ხორბლის ენდემური სახეობების, უძველესი ქართული ჯიშების, ფორმების და პოპულაციების დაცვისა და წარმოებაში დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს - ამის შესახებ ინფრმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ ჯგუფში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და ფერმერები გაერთიანდებიან. უწყებათაშორის ჯგუფში ქართული ხორბლის კულტურის, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მსოფლიოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში შეტანისთვის, გარკვეული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც განიხილება.

„სამუშაო ჯგუფი, მუდმივ რეჟიმში, გარკვეული პერიოდულობით, ინფორმაციას გაცვლის და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ჩვენ საჭიროებების იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ და შემდეგ, კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმოთ გამოწვევებთან მიმართებაში. ასევე, უმნიშვნელოვანესია მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ქართულ ენდემურ ჯიშებზე აქტიურ კამპანიას იუნესკოში ვგეგმავთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.

,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ხორბლის სერტიფიცირების სისტემაზე, სათესლე მასალის სტანდარტებზე, გენბანკის მუშაობასა და ეროვნული კატალოგის შევსებაზე გამახვილდა. სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 2015 წელს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით დაიწყო. შეიქმნა კანონი, რომლის მიზანიც ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება და ფერმერებისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდებაა, რაც მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან იცავს. შეიქმნა ეროვნული კატალოგიც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს მოიცავს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, ფერმერთა ასოციაციის, მარცვლეული ლოჯისტის კომპანიის, კომპანია ლომთაგორას, ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები და ქართული ხორბლის თესლის მწარმოებელი ფერმერები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.