მელიორაციამდე არ დადის ჩემი საქმიანობა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვის პასუხად განაცხადა.
დეპუტატმა კანდიდატს ჰკითხა, რამდენად აცნობიერებს, რა კავშირია დამოუკიდებელ სასამართლოსა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შორის და გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ კუთხით მოსახლეობის წინაშე.
„ის პროცესი, რაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, როცა ხდება ადეიშვილის და სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის გადმობარება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს შეუწყობს თუ არა ხელს სამართლიანი სასამართლოს იმიჯის გაძლიერებას და გრძნობთ, თუ არა პასუხისმგებლობას, რომ პირადად ხართ იმ პროცესის მონაწილე, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, შესაბამისად თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობას?“ - მიმართა ლევან კობერიძემ.
თავის მხრივ თამარ ალანიამ აღნიშნა, რომ ლევან კობერიძის კითხვა ძალიან კომპლექსურია. კობერიძის განცხადებით, კი „არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა იქნება მარტივი“.
„რა თქმა უნდა, მაგრამ მელიორაციამდე არ დადის ჩემი საქმიანობა. ის შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგრამ მთლად ამ დონემდე არ დადის,“ - განაცხადა თამარ ალანიამ.
მისივე თქმით, არსებობს დასკვნები, რომელიც წარმატებულმა ორგანიზაციამ დადო სწორედ სასამართლოს ნდობასთან დაკავშირებით.
ლევან კობერიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სწორედ იმავე ორგანიზაციამ იმავე მეთოდოლიგიით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც ჩაატარა კვლევა და ნდობის მაჩვენებელი მაშინ 49% იყო. „თქვენ რომ ამბობთ, რომ გაუმჯობესდა, 2017 თუ 2018 წელს ჩატარდა ბოლოს და ეს მაჩვენებელი არის 52%.
ე.ი. ვერც ხვდებით, ისე გაუცნობიერებლად ამბობთ ახლა, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის სასამართლო იყო სამართლიანი,“- მიმართა ლევან კობერიძემ ალანიას.