საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშულ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.
„მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ.
ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici - GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.