2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას მოქალაქისთვის თითოეული მუხლი უნდა იყოს განმარტებული.
„თითოეული მუხლი, თითოეული პუნქტი, როდესაც ახალი ბიუჯეტის ფორმირება მოხდება, მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სათანადოდ განმარტებული. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს თავისი თავი, ჰქონდეს განცდა, რომ ეს მისი ბიუჯეტიც არის, რომელიც მისი გადასახადებისგანაც შედგება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, მან კომიტეტებს მოუწოდა, იმსჯელონ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გააკეთონ, რომელიც ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას შეუწყობს ხელს.
„მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ჩვენმა თანამოქალაქეებმაც მკაფიოდ და გასაგებად გაიგონ, თუ რა ცვლილებები და რა სიახლეები იქნება მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამისთვის მოგვიწევს დამატებით მსჯელობა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ პარლამენტმა გარდა საკომიტეტო განხილვებისა, რომ მეტი კომუნიკაცია შედგეს ჩვენს მოქალაქეებთან. გთხოვთ, მოვემზადოთ ამ სამუშაო შეხვედრისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.