საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ერთ - ერთ მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3 500 ლარის აღების ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.