გავლენიანი არაბული გამოცემები აჭარაზე სტატიებს ამზადებენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიებს Kuwait Times, Times და სხვა არაბული გამოცემები ამზადებენ.

ჟურნალისტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმისა და ქედის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ისინი მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს და ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. არაბი ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს პირველად სტუმრობდნენ.

აჭარის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები წელს ბრიტანეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ისრაელში, გერმანისა და მეზობელ ქვეყნებში გამოქვეყნდა. რეგიონში მოგზაურობას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europe და Travel.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ მოწვევა რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება.