გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი კანადის კომერციული კორპორაციის ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების განყოფილების რეგიონულ დირექტორს, მაიკლ სესფორდს შეხვდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტორდან იუწყებიან.
მათი ინფომრაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო სტიქიური უბედურებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების მონიტორინგის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის, რძის ნაწარმის, მარცვლეული კულტურების, აკვაკულტურისა და მესაქონლეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას.
„როგორც შეხვედრაზე მაიკლ სესფორდმა აღნიშნა, იგი შუა აღმოსავლეთში კანადური ინდუსტრიისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაზეა პასუხისმგებელი და საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებითა და გარემოს დაცვის კუთხით პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.
ხატია წილოსანმა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ ისაუბრა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალისა და კანადის ბაზარზე მისი რეალიზაციის შესაძლებლობები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმარს სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის, ახალი ტყის კოდექსის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მაიკლ სესფორდის განცხადებით, საქართველო კანადისთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, დიდი რესურსი გააჩნია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.