რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევსა და რამდენიმე სხვა კანონმდებელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზების გაცემაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
როგორც კონსტანტინ კოსაჩევმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, ვიზების გაცემაზე უარის გამო, რუსი კანონმდებლები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გამგზავრებას ვერ შეძლებენ.
„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის რამდენიმე წევრს, მათ შორის მეც, რომლებიც დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში გამგზავრებას ვაპირებდით, ვიზის გაცემაზე უარი გვითხრა,“ - განაცხადა კოსაჩევმა.
მისივე თქმით, ვიზაზე უარი რუსული დელეგაციის ათმა წევრმა მიიღო.
„ეს არის აღმაშფოთებელი საქციელი, რომლის არც ახსნა და არც გამართლება არ შეიძლება,“- დასძინა კოსაჩევმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სხდომა წელს ნიუ-იორკში, 24-30 სექტემბერს იმართება.