იდეა მერს - მეტეხის ხიდის ტერიტორიიდან, ფარნავაზის ძეგლამდე შესაძლოა, შუშის ბილიკი მოეწყოს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 7 მიმდინარე, 354 დაბლოკილი, 971 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც მეტეხის ხიდის ტერიტორიიდან, ფარნავაზის ძეგლამდე შუშის ბილიკის მოწყობას გულისხმობს.

„მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, ფარნავაზის ძეგლამდე გადაიჭიმოს შუშის ბილიკი. ბილიკის ბოლოს, ერთი მხარე ამოვიდეს ფარნავაზ მეფის სკვერში, ხოლო მეორე მხარე ისევ შუშის ბილიკი - ბეწვის ხიდის სტილში გადავიდეს მეორე სანაპიროზე. ამ კლდეზე გადაჭიმულ შუშის ბილიკს გადაჰყვეს ჩვენი ქართველი მეფეების მემორიალები. ბეწვის ხიდის გვერდით, ორ ან სამ ტროსზე როლიკებით დასასრიალებელი გადასასვლელი, რომლის ბოლოშიც მოეწყობა დასადგომი ბაქანი. ვფიქრობ, რომ ეს ექსტრემალური ბილიკი განავითარებს ტურიზმისა და ეკონომიკის ინტერესებს. გაალამაზებს თბილისს, მოიზიდავს ინვესტორებს და შეიქმნება სამუშაო ადგილები,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 18 ნოემბრამდეა.

თაია არდოტელი