ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მიზნით კვლევის ჩატარება იგეგმება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მიზნით კვლევის ჩატარება იგეგმება.

კერძოდ, ტბის მიმდებარე არეალის გარემოსდაცვითი და ქალაქთმშენებლობითი კვლევების და მართვის მექანიზმების შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 800 ათასი ლარია.

„დედაქალაქის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, გამოიყო შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალები, რომელთათვისაც უნდა დაზუსტდეს ტერიტორიების განვითარების პირობები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი მდგრადი და დაბალანსებული განვითარება. ერთ-ერთ ასეთ არეალად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრა, სადაც უსისტემო განვითარება და ბუნებრივი ფასეულობების დეგრადაცია დღემდე გამოწვევად რჩება.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე გარემოსდაცვითი და ქალაქთმშენებლობითი კვლევების განხორციელებამდე შეზღუდულია სამშენებლო განვითარება. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს მოთხოვნებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის გარემოსდაცვითი და ქალაქთმშენებლობითი კვლევების შესამუშავებლად,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შეგახსენებთ, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანება 6 თვით აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 4 მაისის სხდომაზე მიიღო.

თაია არდოტელი