Business Insider: 10 მავნე ჩვევა, რომელიც სამსახურში თქვენს მიმართ პატივისცემას შეამცირებს

თქვენმა ზოგიერთმა ჩვევამ, რომელიც სახლსა და სამეგობროში შესაძლოა, სავსებით მისაღებად ითვლებოდეს, სამსახურში თქვენს მიმართ კოლეგების დამოკიდებულებაზე შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მეტიც, შესაძლებელია მათ თქვენს მიმართ პატივისცემა დაკარგონ და თქვენთან ურთიერთობის სურვილი გაუქრეთ. Business Insider-ი 10 ასეთ ჩვევას გთავაზობთ:

ზედმეტი ინფორმაციის გაზიარება

როგორ გაატარეთ უქმეები და რა ხდებოდა მეგობრის წვეულებასა თუ დაბადების დღეზე შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს, თუმცა კოლეგებთან ზედმეტად ბევრი პირადი ინფორმაციის გაზიარებამ შეიძლება მათი უკმაყოფილება გამოიწვის. ამიტომ, როდესაც რაიმე ამბის მოყოლას გადაწყვეტთ, დააკვირდით რამდენად აინტერესებთ ის თქვენს თანამშრობლებს.

კამათი

შესაძლოა თქვენს კოლეგასთან რაიმე საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გქონდეთ, თუმცა ეს კონფლიქტში არ უნდა გადაზარდოთ. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანთან, რომელიც გამუდმებით რაღაცაზე დავობს, ურთიერთობის სურვილი ნაკლებად აქვთ.

მოტყუება და მოპარვა

ზოგჯერ კოლეგებს რაიმე ინფორმაციის გაზვიადება და საკუთარი თავისა თუ შედეგის უკეთ წარმოჩენა უყვართ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ ისინი ტყუილში გამოგიჭერენ, თქვენს მიმართ ნდობა გაუქრებათ. ასევე ზოგიერთ ადამიანს ოფისიდან ნივთების სახლში „წამოღება“ უყვარს და ამას ქურდობად სულაც არ აღიქვამენ. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ამ დროს დაგაფიქსირებთ, ეს თქვენს რეპუტაციას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

სიზარმაცე

ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ, ისე მოაჩვენონ თავი კოლეგებს თითქოს მუშაობენ, სინამდვილეში კი უბრალოდ დრო გაჰყავთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს თანამშრომლებს მსგავსი ფაქტების სიხშირე არ გამოეპარებათ და შესაძლოა, ზარმაც ადამიანად აღგიქვან.

დაგვიანება

სამუშაოსა თუ მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანება თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს და თანამშრომლებმა შესაძლოა, ზარმაც და უპასუხისმგებლო პიროვნებად აღგიქვან.

პირადი პრობლემების გაზიარება

ზოგჯერ თანამშრობლებს პირადი პრობლემების კოლეგებისთვის გაზიარება და ზედმეტად თავს მოხვევა უყვართ, რითაც ისინი გარშემომყოფების თვალში წუწუნა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომელიც მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოა. პირადი პრობლემების ზედმეტმა გაზიარებამ შეიძლება კოლეგებს თქვენთან მისალმების სურვილიც კი დაუკარგოს.

ჭორაობა

არაერთი თანამშრომელი სხვების პირადი ცხოვრების შესახებ გამუდმებით ჭორაობს. ნუ გახდებით ერთ-ერთი მათგანი და ნუ გაავრცელებთ გაგონილ ამბებს, ამან შეიძლება თქვენს რეპუტაცია შელახოს და თანამშრომლების თვალში ნდობა დაკარგოთ.

უხეშობა

შეიძლება სტრესულ და დაძაბულ გარემოში გიწევდეთ მუშაობა, თუმცა ეცადეათ თანამშრომლებთან ყოველთვის თავაზიანი იყოთ და მათთან არასოდეს იუხეშოთ.

გამოეწყვეთ აკადემიურად

დღეისათვის სამსახურების უმეტესობას დრეს-კოდი არ აქვს და თანამშრომლებს სამუშაოზე პიჯაკითა და ჰალსტუხით მისვლა არ მოეთხოვებათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამსახურში „საშინაო“ ფორმით იაროთ. ამით თქვენ არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

სხვისი დადანაშაულება

თუ მუშაობის დროს შეცდომა დაუშვით, ნუ ეცდებით სხვისთვის გადაბრალებას. სჯობს აღიაროთ დაშვებული შეცდომა და აიღოთ პასუხისმგებლობა.

ბექა ბერიაშვილი