ქუვეითის ინგლისურენოვანი გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ქუვეითის ინგლისურენოვანი გამოცემა TimesKuwait საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას სათაურით - "გამაოგნებელი საქართველო" აქვეყნებს.

"არქიტექტურული ოცნება, საოცარი კერძები, ფესტივალები, გამორჩეული ენა, უნიკალური კულტურა და ყველაზე მეგობრული ხალხი. ყოველივე ეს საქართველოს საოცრად მიმზიდეველს ხდის. დიდებული უძველესი ეკლესიები, საგუშაგო კოშკები, ციხესიმაგრეები, მთების ფანტასტიური პეიზაჟი: ეს საქართველოა, საოცარი მემკვიდრეობით, ხელოვნებითა და არქიტექტურით. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური ქართველები არიან. თბილი, ამაყი, სულგრძელი, კულტურული, სტუმართმოყვარე და მხიარული ხალხი.

საქართველოში არქიტექტურა ანტიკურიდან კოსმოსის ეპოქას მოიცავს. აქ იხილავთ არქიტექტურის რადიკალურ ნიმუშებს, რაც ახალგაზრდა, თანამედროვე საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენს. მთებით გარშემორტყმულ თბილისში ერთმანეთზე გადაჯაჭვულია საუკუნეების წინ აშენებული სასახლეები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები და თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით შექმნილი შენობები.

ბათუმი აჭარის ქალაქია, სადაც ზაფხულის მხიარულად გატარებაა შესაძლებელი. თვალის შევლებითაც მტკიცდება, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, მოახდინოს "ვესტერნიზაცია" და საბჭოთა წარსული მოიშოროს. ერთ-ერთ მოდერნისტულ ცათამბჯენზე ოქროსფერი ეშმაკის ბორბალია დამაგრებული. მთელ ქალაქს მეწამური, ლურჯი და წითელი ფერები გადაკრავს, როგორც საახალწლო ნაძვის ხეს", - აღნიშნულია სტატიაში.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ TimesKuwait-ის სტატიაში დავით გარეჯი, თუშეთის ეროვნული პარკი, ბეთანია, ბაკურიანი და საქართველოს სხვა ტურისტული მარშრუტებია აღწერილი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რელიგიასა და კულტურას.

სტატიის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.