რა მიზნით უზრდის მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსებას?

„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მათ შორის, იზრდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამტკიცებული ასიგნებები 2.2 მლნ ლარით და 8.2 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელ 6 თვეში ადმინისტრაციის მივლინების ხარჯი - 853 365 ლარს; წარმომადგენლობით ხარჯი - 201,332 ლარს; შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ხარჯი - 549,059 ლარს; ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯი კი - 1.5 მლნ ლარს; ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯი - 5,988 ლარს; საწვავის ხარჯი - 25,706 ლარს შეადგენს. ამასთან, ადმინისტრაციის ბალანსზე საანგარიშო პერიოდში 9 ავტომობილი იყო. ამასთან, ადმინისტრაციაში შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა - 81; ხოლო შტატგარეშეთა რაოდენობა - 50 თანამშრომელი იყო.

თაია არდოტელი