ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა, უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რა პრობლემები იყო, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. მთავარია, რომ სამუშაოები დამთავრდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, ბუდაპეშტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთავრობის სხდომის შემდეგ ადგილზე გაეცნობა.
„მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც კომპანია GWP მუშაობდა და მინდა მადლობა გადავუხადო. მთლიანად შეიცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, განახლდა სანიაღვრე ქსელი. გაზის მილები შეცვალა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“. რაც შეეხება მიწის ზემოთ სამუშაოებს, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, 1,2 კმ სიგრძეზე დაიგო გზის საფარი. გარდა ამისა, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED სანათები. დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა პროექტზე.
მინდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მივმართო, მთავრობის სხდომის მერე განმარტოს, როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კანდელაკის ქუჩაზე, რათა მიკროავტობუსით გადაადგილება იყოს ყველაზე სწრაფი“, - განაცხადა კალაძემ.